- Advertisement -

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას: ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები!

747

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ უმრავლესობას მათთვის მოესმინა და არ მიეღო კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა. ამის შესახებ მან ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა. 

‘’ეკა ბესელია, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კახიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ზაქარია ქუცნაშვილი, ზვიად ძიძიგური, ფატი ხალვაში – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გასულიყო ეროვნული ბანკიდან და დღეს ვერ ასახელებენ არგუმენტს თუ რატომ შეეცვალათ აზრი.

ჩვენ მოვისმინეთ ზოგი კოლეგის გულწრფელი აღიარება, რომ ივანიშვილი ებრძოდა ქადაგიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ენდობოდა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და სწორედ ამიტომ ჩამოართვა ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია. ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას.

ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები. ახლა ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა ‘’ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Comments
Loading...