თუშეთისკენ მიმავლ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე რამდენიმე თვის წინ ჩამოწოლილი მეწყერი ისევ აქტიურია. დამეწყრილი ტერიტორიდან ნაშალი მასალა და ლოდები ყოველდღიურად ცვივა საავტომობილო გზაზე. მომატებულია მეწყერის შედეგად დაგუბებული ხელოვნური ტბის დონე.
"დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ ლოდები ჩამოცვივდა და ჩაიკეტა გზა. თუმცა, ამ დროისთვის უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია. ჯერჯერობით გზის დატბორვის საშიშროება არ არსებობს", – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ.
,,აიპრესი,, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომპანია ,,გელარის,, წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული გზის გაწმენდით სამუშაობს მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ახორციელებს.
,,მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ დარჩენილი კლდიდან პერიოდულად ჩამოდის ნაშალი მასა და ლოდები ცვივა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ავტლმობილების გადაადგილებას. ჩამოვარდნილი ლოდების ნაწილი გზაზე იყრება, ნაწილი კი წყალში. წყლის დონემ ამ ეტაპზე აიწია, თუმცა ჩვენი ტექნიკა მობილიზებულია და გზა ჩახერგვისთანავე იწმინდება. არსებული საფრთხის გამო შესაძლოა თუშეთის გზა 3-დან 5 დღემდე ჩაიკეტოს", – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას კომპანია ,,გელარის,, წარმომადგენელმა, ტარიელ წიკლაურმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული საფრთხის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საღამოსა და ღამის საათებში შეზღიდვები დააწესა.