- Advertisement -

იაპონიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ბიზნეს კლიმატი მიმზიდველია

568

საქართველოს ბიზნეს კლიმატი იაპონური ბიზნესისთვის მიმზიდველია,-ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ვიცე-მინისტრმა ტაკუმი იჰარამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრის შესახებ, რომელიც იაპონიაში შედგა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. იაპონიის ვიცე-მინისტრი მიესალმა ერთობლივ გადაწყვეტილებას დაიწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ეკონომიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულებით.

შეხვედრაზე იაპონიის ვიცე-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, რითიც საქართველო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის იაპონიის ბიზნეს წრეებში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. ვიცე-მინისტრმა ტაკუმი იჰარამ მზადყოფნა გამოთქვა იმუშაოს იაპონურ კომპანიებთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, ასევე მხარეებმა აღნიშნეს ერთობლივი ბიზნეს ფორუმების, შეხვედრების და სემინარების ორგანიზების აუცილებლობა. 

Comments
Loading...