- Advertisement -

იზორიას განმარტებით, “დელტას” უფროსი ხიდაშელის დროს დარღვევებით გაათავისუფლეს

564

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლება დარღვევებით მოხდა. მისი თქმით, ძოძუაშვილის გათავისუფლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გარეშე მოხდა, გენინსპექციამ მოკვლევა გათავისუფლების შემდეგ დაიწყო.

მართალია, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრის ლევან იზორიას თავის გამოსვლაში მისი წინამორბედი თინა ხიდაშელი არ უხსენებია, თუმცა, ფაქტია, სწორედ თინა ხიდაშელის დროს გათავისუფლდა სამსახურიდან დელტას უფროსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

დღევანდელ გამოსვლაში ლევან იზორიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ დელტას უფროსის გათავისუფლებისას ადგლი ჰქონდა დარღვევებს.

„გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გარეშე მოხდა პირის გათავისუფლება, რაც სამართლებრივად არასწორია. მეტიც, გენინსპექციის მიერ მოკვლევა გათავისუფლების შემდეგ დაიწყო, ამდენად, კითხვები შეიძლება გაჩნდეს, რამდენად ობიექტური იყო ასეთი მოკვლევა.

აღნიშნული პიროვნება გათვისუფლდა 2016 წლის 18 მაისს, ქალბატონი მინისტრი კი მუშაობდა 1 აგვისტომდე, შესაბამისად თუ იყო სურვილი რომ პროკურატურისთვის მიემართათ, მიემართათ.

სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო ჩვენთვის, რომ აღვასრულოთ და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

2016 წლის 18 მაისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების კუთხით არსებულ ვითარების შესწავლა თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ ინსპექციას ჰქონდა დავალებული. 

Comments
Loading...