- Advertisement -

იზორია: მზად ვართ, წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ

337

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, აქტიური რეზერვი, საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე აქტიურ რეზერვში 260 ადამიანის მიღება იგეგმება.

ლევან იზორიას განმარტებით, აქტიური რეზერვი ძირითადად, იმ სამხედრო მომსახურეებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც კონტრაქტით სამხედრო სამსახური ამოწურეს შეიარაღებულ ძალებში. ასევე აქტიური რეზერვის წყარო იქნება სხვა დაწესებულებების, კერძოდ, შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებული სტრუქტურის მოსამსახურეები, რომლებმაც ასევე ამოწურეს თავიანთი საქმიანობა. ეს ეხება შეიარაღებული ძალების რეზერვს, რომელიც აქტიური სარეზერვო სამსახურის ნაწილია.

"სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ნებაყოფლობის საფუძველზე ანაზღაურების პირობებში შევთავაზოთ 5 წლიანი კონტრაქტი. აქ მინდა გამოვყო განსაკუთრებული ასპექტები, პირველ რიგში პროცესის განგრძობადობა, ის ვინც ამოწურავს კონტრაქტით სამსახურს ან გავა პენსიაზე, შესაძლებლობა ექნება აქტიურ რეზერვში გააგრძელოს ქვეყნისთვის სამსახური, მიიღოს ამისთვის ანაზღაურება, ეს იქნება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვე, იმ პერიოდში, როცა ის იქნება გამოძახებული წელიწადში 45 დღე მიიღებს სარგოს 100 %-ს. ექნება ბუნებრივია ამ დაფინანსებით დიდი მოტივაცია, თანაც შესაძლებლობა პარალელურად განახორციელოს სხვა საქმიანობაც.

ასე რომ, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც აკმაყოფილებს გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანას და ამისთვის მიიღოს გასამრჯელო", – აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების რეზერვის გარდა, აქტიური სარეზერვო სამსახური ითვალისწინებს ითვალისწინებს ტერიტორიულ და სპეციალისტთან რეზერვს.

"ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანი იქნება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ოპტიმალურად განხორციელება. ძირითადად, ის დაკომპლექტდება კონკრეტულ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებით და აქაც იქნება დასაკმაყოფილებელი გარკვეული კრიტერიუმები. რაც შეეხება სპეციალისტთა რეზერვს, აქ უკვე საუბარია ცალკეულ სპეციფიურ ამოცანების შესრულებაზე, რომლისთვისაც საჭიროა კონკრეტული კვალიფიკაცია, იქნება ეს მაგალითად, კომპიუტერის სპეციალისტი თუ სხვა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ აღარ საქმიანობს შეიარაღებულ ძალებში, შეეძლება გააგრძელოს ეს საქმიანობა უკვე რეზერვის სახით", – განმარტავს თავდაცვის მინისტრი.

დაწესდება ასევე ასაკობრივი ზღვარი. შეიარაღებული ძალების რეზერვზე ასაკობრივი ზღვარი იქნება 50 წელი, ტერიტორიულ რეზერვში 55, სპეციალისტთა რეზერვში 65 წელი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული რეზერვის კონცეფცია მთავრობას დღეს წარუდგინა. ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება 2 ტიპის რეზერვი: აქტიური და სამობილიზაციო. კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

Comments
Loading...