- Advertisement -

იზორია: საქართველოს მისწრაფება NATO-ში გაწევრიანებაზე აუცილებლად გამოიღებს ლოგიკურ შედეგს

613

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს მისწრაფება, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივა ლოგიკურ შედეგამდე. შესაბამისი განცხადება მან "აიპრესთან" NATO-საქართველოს სამხედრო კომიტეტის ერთობლივი პლენარული სესიის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ერთში ვთანხმდებით, როგორც NATO, ისე საქართველოს მხარე, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. პროცესი, რომელიც აუცილებლად მივა ლოგიკურ შედეგამდე.

ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა ვიყოთ აქტიური ქმედების რეჟიმში, ამიტომ ის გეგმები, რაც ტრანსფორმაციის ფარგლებში გვაქვს, ითვალისწინებს დღეს მოქმედებას, არა ხვალინდელი მოლოდინის გამო, არამედ დღევანდელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკითხი, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, ეს არის პოლიტიკური კონსენსუსი, მაგრამ ჩვენი მხრიდან მისწრაფება და მზაობა ყოველდღიური რეფორმების განხორციელების ფარგლებში უნდა იყოს გარანტირებული და უზურუნველყოფილი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – აცხადებს ლევან იზორია.

შეგახსენებთ, რომ 2-3 მარტს საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი სტუმრობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს. სამხედრო კომიტეტი NATO-ს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს – ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

Comments
Loading...