"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელსაც საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას როგორც ნატოში, ასევე სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში",- ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
"განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას და ქართულ მხარეს მივულოცოთ ეს მიღწევა. რაც შეეხება ეკონომიკური ინფრასტრუქტურის თემას, ჩვენ გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა ეს მიმართულება და დაგვეგეგმა ახალი გადაწყვეტილებები ამ სფეროში. უპირველეს ყოვლისა, გვწამს, რომ სავაჭრო მოცულობა არსებულ პოტენციალს არ ასახავს და ეს გახლავთ მიმართულება, რომელსაც ვიხილავდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი და გაგვეგრძელებინა შეხვედრები ამ სფეროში. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის ინტენსიფიკაციას, ახალი პროდუქტების ბაზარზე გატანას და მომსახურების სექტორს, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, აღნიშნული ხელშეკრულების ჩარჩოებში, წლის ბოლომდე დასრულდება.
დღესვე გაფორმდა სამართლებრივი დახმარების დოკუმენტები და შეთანხმება, 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე. ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე, პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ პროექტი საბოლოო ფაზაზეა. ჩემი პატივცემული კოლეგა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც. ჩვენ ვახორციელებთ სამმხრივ პროექტს კავკასიის რეგიონში, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან.
ეს კავშირი მიგვიყვანს ფაქტობრივად ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. უახლოეს რამდენიმე თვეში აღნიშნული პროექტის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას გავმართავთ სამი ქვეყნის მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ გიორგის. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, სასარგებლო იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე – საქართველოსთვის, ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ დღეიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა"- განაცხადა თურქეთის პრემიერმა.