იმპორტიორების მოგება თუ სამუშაო ადგილები? – გაუქმებული ხარისხის კონტროლი და მიხეილ დუნდუას პასუხი

48

უხარისხო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ მოწვეულ განხილვაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სხდომას ესწრებოდა მხოლოდ მიხეილ დუნდუა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

“რადგანაც წლის ბოლო არის და კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ, იმპორტიორებს ვგულისხმობ, მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წლის ისე დასრულება, რომ ზედმეტი შეფერხება არ გამოიწვიოს და არ მიიღონ სერიოზული ფინანსური დანაკარგი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც საგანგებოდ ჩაინიშნა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სამუშაო პროცესებს აჩერებდა ბაზარზე შექმნილი არასამართლიანი კონკურენტული გარემოს გამო.

მან ამით გაამართლა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმპორტირებულ სამშენებლო პროდუქტებზე ხარისხის კონტროლის გაუქმების (ორი თვით გადაწევის) შესახებ. მინისტრის მოადგილეს არ უხსენებია, რომ ეს გადაწყვეტილება აზარალებს ადგილობრივ მწარმოებლებს და 2 000 სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს.

შეგახსენებთ, რომ უხარისხო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები. მთავრობამ ხარისხის კონტროლი დააწესა 2018 წლის 15 ნოემბერს. რამდენიმე დღეში მან თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა ისე, რომ არც ადგილობრივ მწარმოებლებთან გაუვლია კონსულტაცია და არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი გაუფრთხილებია ამის შესახებ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირების პროცესი დაწყებულია, რის მიზეზადაც ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქცია სახელდება.

„ამჟამად მიმდინარეობს საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირება, ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქციის გამო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სამუშაო ადგილები. შემდგომ გადაწყვეტილებას კომპანია მიიღებს 2019 წლის იანვარში და ის დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ფოლადის ბაზარზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, რადგან არ იყო მიღებული ზომები დემპინგური იმპორტის შესაჩერებლად. ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები, სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით, ჩაყენებული არიან არათანაბარ საბაზრო პირობებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...