- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: საქართველოს თავდაცვის სფეროში მძიმე მდგომარეობაა

332

"აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ცალსახად ადასტურებს ჩვენს მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებას, რომ თავდაცვის სფეროში მდგომარეობა არის მძიმე"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძე თავდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.

"მიმდინარე კვირაში გაიმართება ნდობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიში აუდიტის სამსახურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროში 2015-2016 წლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე. წლების განმავლობაში, "ევროპული საქართველოს" წევრები ბიუჯეტის ღია ნაწილის შესწავლის და ქართული ოცნების პოლიტიკური ნაბიჯების გაანალიზების შედეგად ვსაუბრობდით, რომ ქართული ოცნების სამთავრობო გუნდის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი არ შეესაბამება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზანს და სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება. მაგალითად, სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი გასული წლების განმავლობაში შეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად გაიბერა და როგორც ჩანს, აქაც კი ნეპოტისტური ნიშნით საქმდებოდნენ ადამიანები, რომელთა შენახვაზეც იფლანგებოდა სამინისტროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აბესაძის თქმით, "იმ ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების გარდა, რომელიც აღწერილია აუდიტის დასკვნაში, ცალსახაა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები ზოგადად არის მცდარი და მავნებლური ამ მიმართულებით".

"პასუხისმგებლობა აღწერილ პრობლემებზე ეკისრება ქართული ოცნების მთლიან სამთავრობო გუნდს და არა მხოლოდ ცალკეულ თავდაცვის მინისტრს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტში გაიმართოს შეხვედრა შესაბამის მინისტრებთან გაფართოებულ ფორმატში ვიდრე ნდობის ჯგუფია, თუნდაც დახურულ რეჟიმში, ოპოზიციის მონაწილეობით, სადაც მოვისმენთ პასუხებს აღწერილს პრობლემებზე და რაც მთავარია, დავსახავთ შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ რეალურად თავდაცვის მიმართულებით გამოყოფილი ფინანსები ხმარდებოდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და არ იფლანგებოდეს უმიზნოდ", – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Comments
Loading...