- Advertisement -

ირაკლი ბენდელიანი: გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა

320

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად დღეს დაზიანებული საცხოვრებელი ბინები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ დაათვალიერეს.

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.

Comments
Loading...