- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა NATO-ს სურვილი, საქართველო თავის რიგებში იხილოს

460

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადავა. მან ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

"მინდა გამოვხატო მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. ნატო-ს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა თბილისში ძალზე დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე.

ნატო საქართველოსათვის არის საუკეთესო პლატფორმა არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, ასევე, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და ხელისუფლებისთვის. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...