- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა 7 წლის შემდეგ უნდა მოხდეს

650

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არსებითად, უცვლელი რჩება პრინციპული ნაწილი სასამართლოს თავის, თუმცა, მისი თქმით, არის გარკვეული ცვლილებები შემოთავაზებული, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აამაღლოს საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი.

„საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინსტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც ეფუძნება სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას და ამის თაობაზე არსებობდა ვენეციის კომისიის კონკრეტული რეგულაციები. ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ ამ ცვლილების ეფექტს, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარებას“.

პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი რეალობა გარკვეულწილად აცდენილია საპარლამენტო სისტემის ძირითად პრინციპს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში, არ მოხდეს აღმასრულებელი კომპეტენციების აღრევა და გადაფარვა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მისივე თქმით, 2010 წლის რეფორმის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმდენად შეზღუდულია უკვე, რომ კონსტიტუციის შესაბამისი თავიდან რომელიმე მუხლის ამოღება შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა უნდა მოხდეს 7 წლის შემდეგ.

„თითქმის არ ვეხებით ჩვენ სტატუსს. თითქმის არ ვეხებით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. რაც შეეხება არჩევის საკითხს, ის ბუნებრივია, პრინციპული მნიშვნელობისაა და კიდევ ერთხელ გახდა ეს ყველაფერი სპეკულაციების საგანი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ამოცანა არ არის ამ კონკრეტულ მოცემულობაში, კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი სადაც გვინდა, რომ მივიდეთ – ეს წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვიდი წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები კომპეტენციებს არ ცვლის: „კომპეტენციები გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით, თუმცა, არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ხოლმე ხშირად იმ უფლებამოსილებებს, გამომდინარე არსებული პირდაპირი არჩევის წესიდან. ჩვენ ვფიქრობთ რომ იმისთვის, რათა საბოლოო მიზანი იქნას მიღწეული და ჩამოყალიბდეს ქმედითი და ჯანსაღი საპარლამენტო სისტემა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით“.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იქ, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო სისტემაში მოქმედებს როგორც პოლიტიკური ფიგურა, იზღუდება პარლამენტის როლი და ეს პირდაპირ ჩრდილს აყენებს პარლამენტის როლს დემოკრატიულ სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო სისტემაში პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, პარტიულ-პოლიტიკური პროცესები, წარიმართოს პარლამენტში და არ გასცდეს ეს პროცესები საპარლამენტო სივრცეს.

მისივე განცხადებით, ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს შეეხოს, დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან. როგოც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეალურად, მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის მთავრობის კომპეტენცია, რაც არის აბსოლუტური აღრევა და ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები: „აქედან გამომდინარე, გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები. ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი. საომარი მდგომარეობის დროს არსებობს იმის ინტერესი და საჭიროება, რომ ხელისუფლების მთლიანი მოქმედების ერთიანი კოორდინაცია იყოს უზრუნველყოფილი“.

Comments
Loading...