- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია

439

"რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა. გულწრფელი, მჭიდრო და კონსენსუსზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ერთმანეთის ინტერესების გაზიარების, პოზიციების დაახლოებისა და კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში მიმდინარე მე -14 საერთაშორისო კონფერენციაზე – "საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა"-ზე განაცხადა .

"ევროკავშირი ამ მიდგომის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭროება. ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა – „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“. საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასეულათასობით ჩვენს მოქალაქეს უზღუდება ფუნდამენტური უფლება – არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში.

მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია.

დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ საინტერესო და სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით", – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

Comments
Loading...