- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: სესიებზე დეპუტატების დასწრების კუთხით სახარბიელო მაჩვენებელი არ არის

342

„დეპუტატების დასწრების კუთხით მთლიანობაში სახარბიელო მაჩვენებელი არ არის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე აქვე დასძენს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სესიებზე დასწრებას შედარებით მაღალი პასუხისმგებლობით უდგება.

მისი ინფორმაციით, სესიებზე საპარლამენტო უმრავლესობის შემთხვევაში გაცდენის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში დაახლოებით 66%, „ევროპული საქართველოს“ და „საქართველოს პატრიოტების“ მაჩვენებელი 50-50%.

„დავიწყეთ ზრუნვა, რომ გაუმჯობესდეს საპარლამენტო დისციპლინა, მათ შორის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფინანსური სანქციები, თუმცა, გარდა ამისა ჩვენ შეგვიძლია სხვა ზომების მიღებაც. ერთ-ერთი არის რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც დეპუტატებს ოჯახური მდგომარეობით მანიპულირების საშუალებას არ მისცემს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატი წინა სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია.

„32 გაცდენა ჰქონდა, აქედან 30-ს ოჯახური პირობების გამო არ დაესწრო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია, კობახიძემ უპასუხა: „არ მინდა დეპუტატის დასახელება. პირობას გაძლევთ, უახლოეს მომავალში ეს სურათი გაუმჯობესდება“. 

Comments
Loading...