- Advertisement -

ირაკლი ლექვინაძე: ქვეყანაში საკმაოდ პოზიტიური ბიზნესგარემოა

320

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ყველა ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაცია ექნება. ამასთან, ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს ამ უდიდესი ნდობისთვის, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის. ბუნებრივია, მე შევეცდები ის საკითხები, რომელიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნეს ასოციაციების მიმართულებით, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პირველ ეტაპზე, იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნეს ასოციაციასთან, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, განსაკუთრებით ფოკუსი მინდა გავაკეთო მცირე ბიზნესის მიმართულებით, ბიზნესგაერთიანებებზე, იქნება ეს რეგიონალური თუ სექტორული ბიზნესასოციაციები, რადგან ყველა ის საკითხი, რომელიც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და შესაბამისად იქნას ეს საკითხები მხარდაჭერილი, რაც არის ომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი.

დარმწუნებული ვარ, რომ დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური თუ სხვადასხვა ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტური იყოს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში პოზიტიური ბიზნესგარემოა.

„ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთშორისო რეიტინგები, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა, პროცესში შეიძლება იყოს რიგი ტექნიკური საკითხები, რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, რომ ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

მისი თქმით, საკანონმდებლო მიმართულებით აქტიური მუშაობა იქნება.

„გარდ ამისა ვფიქრობთ ძალიან აქტიური მუშაობა იქნება საკანონმდებლო თუ იმ პრაქტიკის მიმართულებით, რომელიც გააჩნია ბიზნესს ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ყველა საკითხი შეგროვებული იქნება ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იქნება გონივრული, არგუმენტირებული და ინიცირებული კონკრეტული ბიზნესასოციაციების მხრიდან, იქნება აქტიურად განხილული შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მთავარი მიზანი ომბუდსმენის არის ის, რომ შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრებები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Comments
Loading...