- Advertisement -

ირლანდიაში, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა

535

ირლანდიაში დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, სახელწოდებით “Life and Language in Georgia”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც მიზნად ისახავს ირლანდიაში საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ირლანდიელი ვიზიტორების მოზიდვას, დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“.

დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოფენა ოფიციალურად გახსნეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, დან ლირის საგრაფოს მერმა კორმაკ დევლინმა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მარიან ქიისმა, რის შემდეგაც ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies". გახსნის შემდგომ, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადაეცა ქართული ანბანის ამსახველი ფოტოსურათი.

გამოფენის გახსნას, რომელიც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დან ლირის ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით იმართება, ირლანდიის სამთავრობო უწყებების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ გამართულ მიღებაზე, საელჩო სტუმრებმა ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

გამოფენა დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 29 მაისამდე გაგრძელდება და იგი ღიაა დამთვალიერებლებისათვის.

Comments
Loading...