- Advertisement -

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

10

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით განხილვა გაიმართა, რომელიც დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების აკრძალვაა.
შეგახსენებთ: ცვლილებების პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს.
გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას დაბრკოლება არ შეექმნას.
„კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა საყოველთაო-სახალხო განხილვები და ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. მთლიანობაში, არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ იმ პრინციპის ერთგულები ვრჩებით, როგორც დავაინიცირეთ აღნიშნული პროექტი. ძირითადი არსი იგივე რჩება, თუმცა განხილვების შედეგად გამოთქმული მოსაზრებების, მათ შორის საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების შედეგად, გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი პროექტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
The post იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...