იუსტიციის მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

6

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა. თეა წულუკიანმა და იანეს ბორდანმა იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და ლატვიის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. თეა წულუკიანმა იანეს ბორდანს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო რეფორმებს ადამიანის უფლებების სფეროში, მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღას, არბიტრაჟისა და მედიაციის რეფორმას, ეფექტიან ანტიკორუფციულ პოლიტიკას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად, ღია და გამჭვირვალე მმართველობასა და ხელმისაწვდომ საჯარო სერვისებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „IPSOS France“-ს უახლესი კვლევის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად სასამართლოსადმი ნდობა საქართველოში საშუალოევროპულ მაჩვენებელს ემთხვევა და აღემატება სასამართლოს სანდოობას ე.წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, მას მხარს უჭერს გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების მიმართ ნდობას ასახავს ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა 2018 წელს 4-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე 2011 და 2012 წლებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების ხედვა გააცნო. თეა წულუკიანის თქმით, 2018 წლის დეკემბერში საერთაშორისო-სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან გაფორმებული მემორანდუმი სქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ცენტრად.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლდა ცნობიერების ამაღლების კამპანია.

თეა წულუკიანმა პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე არსებობს ახალი სტრატეგია და 2019-2020 სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ციხეების ინფრასტრუქტურის განვითარებას და პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების გაძლიერებას.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ქართული რეფორმების წარმატებას არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, კერძოდ:

 2017-2018 წლების კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო პირველია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის და მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 38-ე პოზიცია უკავია;

 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ პირველია რეგიონში, მსოფლიოს 180 ქვეყნას შორის კი 46-ე ადგილს იკავებს;

 2017 წელს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, 2018 წელს კი თბილისმა „OGP“-ის გლობალურ სამიტს უმასპინძლა;

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, უკვე სამი წელია, ქვეყანა ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად დასახელდა.

Comments
Loading...