- Advertisement -

კალაძე: თბილისის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ანბანი უნდა იყოს (ვიდეო)

475

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქალაქის ქაოტური განვითარების პრობლემის შემდეგ, ყურადღებას დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე ამახვილებს.

“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ აქტუალურ საკითხზე, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით და ვხედავთ – ჩვენი დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე. უფრო სწორად, ამ სტანდარტის არარსებობაზე – იმიტომ, რომ იგი არასდროს შემუშავებულა. რატომ მოგვწონს ისეთი ევროპული ქალაქები როგორიც არის პარიზი, მილანი, ლონდონი? იმიტომ, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ, თანამედროვე ქალაქს გააჩნია დიზაინის სტანდარტი.

რა თქმა უნდა, ქალაქის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილად, უნიკალური ქართული ანბანიც უნდა იქცეს. ეს აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ვიტრინები, უკონტექსტო დიზაინი – ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება ასევე შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული და ბიზნესმიმზიდველობის ზრდას.

თბილისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და სწორედ ასეთი, თანამედროვე მიდგომებით, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩართვითა და მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინებით უნდა წარმოვაჩინოთ თბილისი, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქი “, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

Comments
Loading...