მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს
"პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა.
ასეთი ხედვის გარეშე, მგონია რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას.
ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში.
სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიები.
მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშუტო ხაზების გადახედვა და ახალი მარშუტების დამატება; თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად." – აცხადებს კახა კალაძე.