- Advertisement -

კახა კალაძე:”რესპუბლიკელები” და “დემოკრატები” პარლამენტში რომ იყვნენ,ივანიშვილის დამსახურებაა

516

უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, საქართველოს პრემიერი თბილისის მერობის კანდიდატად ვიცეპრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს დაასახელებს. ფაქტს იმის შესახებ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ამ საკითხის განხილვა ნამდვილად იყო, „აიპრესთან“ ინტერვიუში თავად კახა კალაძეც ადასტურებს.

როგორ აფასებს ვიცეპრემიერი საპარლამენტო საქმიანობას და თვლის თუ არა, რომ ქვეყანაში ძლიერი პარტიების და ოპოზიციის დეფიციტია?
 

-ბატონო კახა, ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ამარა დარჩა, თუ არ ჩავთვლით „პატრიოტთა ალიანსს“ რომელსაც მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა ჰყავს. არ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება გაცილებით უფრო დინამიური და საინტერესო იყო, როცა „რესპუბლიკელებიც“ და „დემოკრატებიც“ იყვნენ, განსაკუთრებით ბოლოს, როცა კოალიციას გამოეყვნენ? არამრავალპარტიული პარლამენტი არა მხოლოდ უმრავლესობისთვის, ქვეყნისთვისაც სერიოზული პრობლემაა…

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანებმა სწორი ანალიზი უნდა გააკეთონ თავიანთ პარტიასთან, პოლიტიკურ ხედვებთან მიმართებაში და შესაბამისად მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მთავარია სწორი ანალიზი გაკეთდეს. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ პარლამენტში რომ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყო და ამ ფაქტს მგონი არც არავინ უარყოფს.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძლიერი პარტიების დეფიციტი ნამდვილად არის ქვეყანაში, ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან, როდესაც ხელისუფლება არის, მას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რადგან ხელისუფლების და ძლიერი ოპოზიციის სწორი მუშაობით შესაძლებელია ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფად განვითარება. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იქნება სამუშაო.

მე მივესალმები ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობას, ახალგაზრდების გამოჩენას, მაგრამ არსებობს სტერეოტიპები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა არის ბინძური და ა.შ. ეს ვფიქრობ სწორი მიდგომა არ არის და ჩვენ, ახალმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სტერეოტიპები დავანგრიოთ. ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდაა, ძალიან ბევრი საღი აზრი აქვთ ქვეყანაში, რომ მოვახერხოთ ამ ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ.

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

Comments
Loading...