ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სურს ახალ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირდეს. როგორც კახა კალაძემ გადაცემა რეაქციაში განაცხადა, სწორედ ამას ემსახურება მის მერ წამოწყებული კამპანია "კონსტიტუცია ყველასია". მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მათ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს.
"მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ბოიკოტიება არ არის სწორი, რადგან ამ პროცესებმა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სად მიიყვანა და რა დღეში ჩააგდო, ყველამ კარგად დავინახეთ.
მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა ამ კომისიაში, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები, თუ როგორ უყურებენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. შეიძლება მართლა საინტერესო მოსაზრებები აქვთ და ისეთი რამეა გასასწორებელი, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ამ ადამიანებმა უარი თქვეს ამ ყველაფერზე და წამოიწყეს ვითომ ეს კამპანია(#კონსტიტუციაყველასია), რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობა ჩართონ.
ვფიქრობ, რომ მას აქვს სურვილი ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს და ამის კამპანია აქვთ წამოწყებული.
რაც შეეხება კონსტიტუციას, ალბათ მისი მრჩეველის მხრიდან იყო გამოყენებული კამპანიის საბაბად", – განაცხადა კახა კალაძემ.