- Advertisement -

კახა კალაძე: მშენებლობაზე ჩაფხუტის არ გამოყენება გამოიწვევს 30 000-ლარიან ჯარიმას

430

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს პარლამენტში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართეს შეხვედრა.

როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე პირველ ეტაპზე არის სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ კი, 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, სანქციები გამკაცრდება და პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება.

„ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის, დედაქალაქის მერიისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ნებისმიერი დარღვევა მაგალითად ჩაფხუტის არ გამოყენება გამოიწვევს 30 000 ლარიან ჯარიმას.

ჩვენ ვუთხარით მშენებლებს, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, როდესაც მათ მუშები აჰყავთ სამუშაოზე და ხელშეკრულებას უფორმებენ. თვითონ მუშებმაც უნდა იცოდნენ თუ რა სანქციები მოყვება უსაფრთხოების არ დაცვას, რა მნიშნველობა აქვს, ჩაფხუტის არ დახურვის გამო დაიღუპება ადამიანი, თუ გადმოვარდნის გამო.

არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს ამ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასატეხი გვექნება ერთიანი თანადგომით, მე მგონია რომ ამას შევძლებთ.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერმინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან, აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ამ ცვლილებებს, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ შევხდით მენაშენეთა ასოციაციას და არის მაქსიმალური თანადგომა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კანონის აღსრულებას, კახა კალაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურების აუცილებლობაა.

„ჩვენ ზოგადად ვგეგმავთ რებრენდინგს ზედამხედველობის სამსახურის და გაზაფხულზე დავასრულებთ ან პროცესს. მგონია, რომ სამსახური რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით იქნება ძალიან წარმატებული, მკაცრი კანონის ფარგლებში და მოიყვანს აღსრულებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Comments
Loading...