- Advertisement -

კახა კალაძე: ყველა საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ერთიან სტილს უნდა ეხამებოდეს

392

 

''ქართული ოცნების'' თბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქის განვითარების შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

''წლებია თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია. არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა. არ ჰქონდა თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, ეს არის ჩვენი მინიმუმ ბოლო 25წლიანი მემკვიდრეობა და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი. ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას. ქალაქი ეს არის ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამისთვის მისმა ყველა სიცოცხლისთვის აუცილებელმა კომპონენტმა უნდა საათის მექანიზმივით უნისონში აწყობილად იმუშავოს.

ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას და, რაც მთავარია, პროგრესის პერსპექტივით; მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა. თითოეული გაცემული ნებართვა, თითოეული დამტკიცებული პროექტი ეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდდამხოლოდ ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე. ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში, უნდა აკმაყოფილებდეს არამარტო უსაფრთხოების ნორმებს და ხარისხს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს ეხამებოდეს. ქალაქის განაშენიანება და განვითარება იქნება ჰარმონიული. გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ''ურბანული გენოციდი'' და ქალაქი გახდება თანამედროვე და, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე შევძლებთ და ეს იქნება ჩვენი ერთად დგომით და ერთიანი ძალისხმევით.''

Comments
Loading...