- Advertisement -

კახი კალაძე: ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტზე ცოტა ემოციური იყო, თუმცა მესმის მისი

723

 

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან.

მან აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება ემოციური იყო. 

"პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს , ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს კომისია საბოლოოდ. 

პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ზოგადად საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. 

ირაკლი კობახიძის განცხადებას მოვუსმინე, ის ცოტა ემოციური იყო, თუმცა მესმის მისი.

რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც კონკრეტულად ეს საქმე იცის. დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, ძალიან გამართული იქნება", – განაცხადა კახი კალაძემ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონკრეტულ პოლიტიკოსთან მიმართებაში იღებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით,  პრეზიდენტის ეს განცხადება არაკორექტული იყო. 

"თუ პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებებს გააგრძელებს,შეიძლება ვიფიქროთ არაპირდაპირ არჩევნებზე", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე 170 სტუმარია მიწვეული. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი თავისი ინიციატივით, კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრების დაგეგმვაზე, საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უპირისპირება და უპატივცემულობას ავლენს. მისივე თქმით, ეს შეხვედრა პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს ჩანიშნა.

Comments
Loading...