- Advertisement -

კვირიკაშვილი “მოსმენებზე”: სააგენტოს პრემიერის დაქვემდებარებაში მოქცევის არგუმენტი ვერ დავინახეთ

544

პრემიერიმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ყურადღებით განიხილეს, თუმცა პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს, უარგუმენტოა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპორექტი, რომელიც მნივნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც საუბარია, საბოლოო ჯამში არის მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება, თვისობრივი ვერ მოხდებოდა. ვფიქრობთ, იმ სახით იქნას გატანილი, როგორითაც მიიღო პარლამენტმა", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად  ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, უნდა განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება.
 

Comments
Loading...