- Advertisement -

კვირიკაშვილი პენსს: თქვენი დახმარებით, დღეს საქართველო საბჭოური აღარ არის

390

 

„მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში, შეძენილ საქართველოს დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში, დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ ჩვენი დიალოგი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მაიკ პენსის საქართველოში სტრუმრობა, ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში, ადასტურებს პრეზიდენტს ტრამპის და თავად პენსის სურვილს, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა გააღრმაოს.

"წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, და ამ პერიოდის განმავლობაში, ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატოში გაწევრიანების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო დღეს აღარაა არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია. ასევე, ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, – აცხადებს პრემიერი.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი ამერიკელი ხალხის მეგობრობას და მტკიცე მხარდაჭერას დიდად აფასებს.

„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. პირველ რიგში, მინდა გამოვყო და მივესალმო ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წელს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...