- Advertisement -

კიევში TMTM-ის შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს

571

11 აპრილს ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები – კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე უკრაინის პრემიერ მინისტრს – ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრემიერ მინისტრმა და რკინიგზების ხელმძღვანელებმა TMTM-ს, როგორც ევრაზიის პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს.

ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა TMTM-ს პროექტის ფარგლებში, გაიზარდოს მარშრუტის გეოგრაფია და მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებზე გასვლა. მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს.

კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება – სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და ,,ერთი ფანჯრის,, პრინციპის რეჟიმში მომსახურება. გარდა ამისა, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ,,დასავლეთი – სამხრეთი,, და ,,ჩრდილოეთი – სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის პროტოკოლს.

Comments
Loading...