- Advertisement -

კობახიძე: დღევანდელი კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტია

432

„კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტებისთვის. როცა კითხულობ კონსტიტუციას, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ უნდა იყოს შემუშავებული და მომზადებული ნორმატიული აქტი და საკანონმდებლო აქტი. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია ასეთი სახელმძღვანელოს ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დოკუმენტიც, სწორედ, ფართო ჩართულობისა და განხილვების საფუძველზე შემუშავდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა – კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად.

„დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ დადგენილებით განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. დღეს მოქმედი კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ვენეციის კომისიის მიერ იყო ხაზგასმული 2010 წლის დასკვნაში. დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთ დაბალანსების პრინციპი და განსაკუთრებით ეს გამოიხატება იმით, რომ დასუსტებულია პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საკვანძო კონსტიტუციური ორგანო ამ სისტემაში. მეორე ამოცანის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და პარლმენტმა ამოცანად დაგვისახა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. დღევანდელი სისტემა თავისი არსით არის საპარლამენტო და ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა. რეალურად, დღევანდელი სისტემა თავისი ბუნებით არის საპარლამენტო და ჩვენი ამოცანა იყო არა ამ მოდელის შეცვლა, არამედ ამოცანა იყო მოდელის შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესზეც. მისი თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა იყო დოკუმენტის შემუშავება გახსნილი პროცესის საფუძველზე შეგვემუშავებინა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.

„ბუნებრივია, მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივად შეუძლია, საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენა პარლამენტში და მისი მარტივად მიღება, თუმცა, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ჩვენ ვიცით, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ასეთმა პრაქტიკამ. ჩვენი ამოცანა გახლდათ არა ერთპიროვნული ცვლილებების შემუშავება, არამედ ფართო ჩართულობით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადება. ამისთვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც გაერთიანდა, მთლიანობაში, 73 წევრი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში 70 წევრი ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ბოიკოტის მიზეზი სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი იყო.

„პრეზიდენტმა თავიდან შემოგვთავაზა ფორმატი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სამი თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი, რომლის მიხედვითაც, კომისიას ერთი თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა და ფორმატი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო. ფორმატებს შორის იყო კონცეპტუალური სხვაობა. პრეზიდენტი გვთავაზობდა საპრეზიდენტო ფორმატს, ჩვენ შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი. რაც შეეხება საპარლამენტო ფორმატის მიზანშეწონილობას, არამარტო მიზანშეწონილი იყო ასეთი სახით კომისიის დაფუძნება, არამედ აუცილებელიც გამომდინარე კონსტიტუციის მოქმედი რეგულაციებიდან. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, არის პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა, რეალურად, ალტერნატივა და ეს ყველაფერი რეალურად გამოჩნდა პროცესის მიმდინარეობისას. პროცესის ეფექტიანობამ და ეფექტურობამ დაადასტურა, რომ ფორმატი იყო სწორი სახით ჩამოყალიბებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესზე საუბრისას, ირაკლი აღნიშნა, რომ ინიციატივების დაახლოებით 80 %, ძირითადად, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მიერ იყო წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი გააცნო. მისი განცხადებით, პრეამბულის შეცვლაზე პრინციპული უარი ითქვა, რათა საქართველოს კონსტიტუციის ეს ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სტრუქტურით არის წარმოდგენილი კონსტიტუციის პირველი თავი, სადაც გარანტირებულია კონსტიტუციონალიზმის სამი ძირითადი პრინციპი და მას მეოთხე პრინციპი – ეკონომიკური თავისუფლება ემატება. ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეულ პრინციპს ცალკე მუხლი დაეთმო.

„ეს პრინციპებია: დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ეს დღესაც ასახულია მოქმედ კონსტიტუციაში, პრეამბულაში, თუმცა, ერთგვარად არის ჩაკარგული დოკუმენტის ამ ნაწილში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული ამ პრინციპისთვის ცალკე მუხლი დაგვეთმო, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური და ასევე, პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა, აქ კონკრეტული გარანტიებიც არის გაწერილი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს პრინციპის რეალიზებას, დემოკრატიის პრინციპის რეალიზებას. კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზეც კი, შეუძლებელი ხდება ან პარლამენტის, ან სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება. ანუ, ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილება ამას ვერ უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცალკე მუხლი ეთმობა სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, სადაც სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა გაწერილი.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი სტრუქტურა თავიდან ბოლომდე არის გადამუშავებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეორე თავში არაერთი აბსტრაქტული ბუნების ძირითადი უფლება გვხვდება, რომელთა რეალიზებაც შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე თავიდან ამოგვეღო ყველა ის აბსტრაქტული ნორმა, რომელიც აქ არის მოცემული და დაგვეტოვებინა მხოლოდ კონკრეტული იურიდიული ძალის მქონე ჩანაწერები. გადავწყვიტეთ, რომ სტრუქტურა კონცეპტუალურადაც შეგვეცვალა და დღეს მეორე თავი იწყება ადამიანის ღირსების ძირითადი უფლების გარანტიით, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დატვირთვა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დადგენილია ქმედითი ძირითადი უფლებები, რომლებიც მოქმედ რედაქციაში ან საერთოდ არ იყო, ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული, მათ შორის, უფლება სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება და ა.შ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილია დაცვის სტანდარტი.

Comments
Loading...