- Advertisement -

კობახიძე: მოსკოვი ცდილობს ხალხები დააშინოს და იბატონოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

428

„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

"ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ.

ამის საპასუხოდ, ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიისა და შემწყნარებლობის გზა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...