- Advertisement -

კობახიძე: პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს არა როგორც პოლიტიკური, არამედ საზოგადო ფიგურა

549

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება აპირებს არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმა შეინარჩუნოს. 

"დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ეხება სწორედ მმართველობის ფორმას – ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს შეფასდა მაშინ განხორციელებული რეფორმა ვენეციის კომისიის მიერ, აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია რომ საპარლამენტო სისტემა და ეს საყოველთაოდაც არის აღიარებულია, ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, საპარლამენტო სისტემა ეფუძნება სამ ძირითად საყრდენს – ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო. „შესაბამისად, ამ სამ პრინციპზე და ამ სამ საყრდენზე გვინდა ავაგოთ ჩვენი სისტემა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლზე საუბრისას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტის როლი არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ როგორც არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ, ასე ვთქვათ, საზოგადო ფიგურა საზოგადო დატვირთვით, როგორიც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...