- Advertisement -

კობახიძე: რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ

438

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა – დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას. უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განტკიცება ნათლად წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებას და არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...