- Advertisement -

კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: მმართველი გუნდში, შესაძლოა, კონსენსუსის მიღწევა გართულდეს

587

პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, თუმცა, ეს საკითხი არ არის გავლილი 116 დეპუტატთან.

„დეპუტატების ზოგადი განწყობა ვიცით. ჩამოყალიბებულია სხვადასხვაგვარი განწყობები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვიდრე ჩვენ კონსულტაციებს არ გავივლით 116-ვე დეპუტატთან, მანამდე ჩვენ გაგვიჭირდება საბოლოო პოზიციის დაფიქსირება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით.

ერთადერთი, რაც მე შემიძლია ზოგადი განწყობის სახით გითხრათ, არის ის, რომ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება წინა მოწვევის პარლამენტიდან. მაშინ ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და შესაბამისად, კონსენსუსის საფუძველზე მოხერხდა ის, რომ ჩვენ გამოვედით ორსაფეხურიანი რეფორმის განხორციელების ინიციატივით. მაშინ რომ ყოფილიყო ეს ინიციატივა მხარდაჭერილი, დღეს ბუნებრივია უკან არავინ წამოვიდოდა და საერთოდ არ დადგებოდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება-არ ამოქმედების საკითხი. თუმცა რეალურად დღეს, ჩვენ დავუბრუნდით იგივე სასტარტო პოზიციას, რომელიც გვქონდა ორი წლის წინ.

ამით მე არ მინდა იმის თქმა, რომ ან გამოვრიცხავ, ან ზედმეტად რთულად მესახება კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით. ჩვენი მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მყარი პოზიციაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, როგორც პარტიული სისტემის განვითარების, ასევე, პოლიტიკური სისტემის განვითარების კუთხით, უფრო მეტად წაადგება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა ამასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს მსჯელობა და უნდა შედგეს საბოლოო, ერთიანი კონსენსუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...