- Advertisement -

კობახიძე: სასურველია, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარების შემდეგ გადავიდეთ სხვა სისტემაზე

553

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის საერთო ხედვა გააცნო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მიიჩნევს, რომ სასურველია ჯერ ჩატარდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და შემდეგ მოხდეს გადასვლა სხვა სისტემაზე.

მისითქმით, კომისიის წევრთა მხრიდან იყო თხოვნა, რომ ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყებამდე ყოფილიყო საუბარი მმართველი გუნდის საერთო ხედვაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა მმართველ გუნდში, ხელმძღვანელობის დონეზე. ეს მსჯელობა არ შემდგარა ჯერჯერობით საპარლამენტო უმრავლესობის დონეზე, ანუ გაფართოებულ ფორმატში, 116 დეპუტატის ფორმატში. გვქონდა მსჯელობა და მე შემიძლია, დღეს გაგაცნოთ ამ მსჯელობის შედეგები, თუ როგორ წარმოგვიდგენია საერთო სისტემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ეს ხედვა ვერ იქნება თავისი მნიშვნელობით საბოლოო დატვირთვის.

"ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი იყო, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნები. ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს, მთავარი და უფრო მეტიც, ერთადერთი ამ კომისიის შექმნის და რეფორმის გატარების იყო ის, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სპეკულაციებისთვის საბაბიც კი არ უნდა დავტოვოთ. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ის, რომ სასურველია, ასეთი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ. სისტემაზე შეჯერებას რაც შეეხება, ესეც, კიდევ ერთხელ, კომისიაზე არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...