- Advertisement -

კობახიძე: უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას

348

''ეს არის ძალიან ცუდი კანონი, განსაკუთრებით, დაფინანსების მიმართულებით, რაც კრიტიკას ვერ უძლებს“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ''.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ''საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე'' განიხილეს.

''ეს ორგანული კანონი იძლევა მანიპულაციების საშუალებას. ამ მანიპულაციების შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა, დაახლოებით, მილიონნახევრიანი წლიური უსამართლო დაფინანსება მიიღეს. არა მგონია, რომ ეს დაფინანსება მიემართებოდეს პენსიონერთა პენსიების დაფარვაზე. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. ამისთვის საჭიროა ახალი კანონის მომზადება და მიღება, რომლითაც მთლიანად ახლებურად მოწესრიგდება პარტიების დაფინანსების წესი. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად დაიწყება საპარლამენტო პარტიებს შორის. ჩვენ გვქონდა უკვე ხანმოკლე კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთან, ეს კონსულტაციები გაფართოვდება და გაგრძელდება. სამწუხაროდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვითარებას ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც ამოქმედდება 2020 წლიდან და რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას'',- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...