- Advertisement -

კობახიძე: უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა, რომელშიც უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები

671

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს გამარჯვებულ პარტიას და შესაბამისად, შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს ოპოზიცია, რაც არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისებურება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. პროპორციულ სისტემას ბუნებრივია აქვს თავისი თავისებურებები, დაწყებული საარჩევნო ბარიერით, გაგრძელებული სხვა საკითხებით. თუ როგორ გვესახება თვითონ ეს პროპორციული სისტემა ამასთან დაკავშრებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ საგანზე – უნდობლობის ვოტუმზე. მისი განცხადებით, თავის დროზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკიდურესად გართულდა უნდობლობის გამოცხადება და არსებული პროცედურა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის.

„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ამ პროცედურის შესაბამისობაში მოყვანა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვით ჩვენ ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ნორმა ნეგატიურად შეფასდება სამართლებრივი კუთხით ვენეციის კომისიის მიერ ამ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ ნორმას არ მივიღებთ. შესაბამისად, უნდობლობის ვოტუმის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა არის, რომ თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით მედიის საშუალებით გარკვეული სპეკულაციები იყო და სამწუხაროდ, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა: „როდესაც საუბარია უნდობლობის ვოტუმის დახვეწაზე, ამას თარგმნიან, სამწუხაროდ, ჩვენი მედიასაშუალებები და ზოგიერთი ექსპერტი ისე, რომ თითქოს პარლამენტი უპირისპირდება მთავრობას და საუბარია პერსონიფიკაციაზეც. თითქოს მოქმედი პარლამენტი მოქმედ პრემიერ ან მოქმედ მთავრობის შემადგენლობას უპირისპირდება და მასთან დაპირისპირების ჭრილში წარმოაჩენენ იმ ცვლილებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაკარნახევია, რა თქმა უნდა ამ ყველაფრის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით და ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების განზრახვით. ეს არის რეალობა“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს მოუწდა მაქსიმალური სიზუსტით მიიტანონ მედია საშუალებებამდე ინფორმაცია კომისიის სხდომების შესახებ, რათა არ მოხდეს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

„მე ზოგადადაც მინდა ვთქვა: ხშირად გადის და როგორც წესი, გადის აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია კომისიის გარეთ. ხუთ მეტრში იკარგება სიმართლე. გადიან ამ კარებიდან კომისიის წევრები და მედიასთან აკეთებენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში იმ რეალობასთან, რომელიც სახეზეა კომისიის სხდომაზე. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო, ასეთი შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ერთერთ სამუშაო სხდომაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო კომისიის თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური სიზუსტით მივიტანოთ, მით უმეტეს, მედიას თავისი ინტერპრეტაციები აქვს შემდეგ, აქ არსებული ინფორმაცია მედიამდე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...