- Advertisement -

კობახიძე: წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებებს აპარებდნენ

306

„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს, დოკუმენტში არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ და გარკვეულ ცვლილებებს აპარებდნენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც „კონსტიტუციის პროექტი სავარაუდოდ გაყალბდა“ და იქ ისეთი სახის ცვლილებები შევიდა, რომელიც მეორე მოსმენით არ განხილულა.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ დოკუმენტში შესული ცვლილებები საპარლამენტო სესიაზე მეორე მოსმენის დროს განიხილეს.

„საბოლოოდ ჩვენ მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას, დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით, და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე. კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია, გამოქვეყნებულია როგორც მოგეხსენებათ პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით არის მიღებული, დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს გარკვეული საკითხებია ჩასწორებული კონსტიტუციაში, განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან.

სინამდვილე არის შემდეგი, არის რა თქმა უნდა 4 ცვლილება შეტანილი დოკუმენტში, ეს დოკუმენტი ბუნებრივია განსხვავდება მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან, ოთხივე ცვლილება არის შეტანილი პროექტში იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე. პირველი ეხება ტექნიკურ ცვლილებას ღირსების შესახებ მუხლის სათაურს, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა დაერქვა შესაბამის მუხლს, ამ შემთხვევაში შესაბამისი შენიშვნის ავტორი ანრი ოხანაშვილი იყო.

ასევე მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა, და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება, ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს, გიორგი ხატიძის ინიციატივა იყო, რომ დაკონკრეტებულიყო ორგანული კანონის დათქმა, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, და ბოლოს მეოთხე საკითხი, რომელიც იქნა გაზიარებული, იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას 6 წლის ვადით.

ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა, ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ 2024 წელს პროპორციული წესით პირველად ირჩევა საქართველოს პარლამენტი და სასურველი იყო ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი ახალი არაპირდაპირი წესით 300 ხმოსნის მიერ. ეს იყო 4 შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომელიც გაზიარებული იქნა ჩემს მიერ, აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ეს 4 შესწორება არის შეტანილი იმ დოკუმენტში რომელიც დარიგდა მეორე მოსმენისათვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს.

გახსოვთ 2003 წელს, როდესაც მიიღო მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენით შევიდა არაერთი სარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, ფუნდამენტურად გადაისინჯა თითქმის დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის, ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი მანიპულაციები არ არის დამახასიათებელი ბუნებრივია ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის , პარლამენტის მოქმედი შემადგენლობისთვის, და შესაბამისად ჩვენ დავდეთ ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან ალაფიშვილის განცხადების თანახმად: საპარლამენტო კრიმინალი! სავარაუდოდ კონსტიტუციის პროექტი გაყალბდა. სწორედ ამიტომ აღარ იყო ვებგვერდზე მეორე მოსმენით მიღებული პროექტი. ჩაემატა საკითხები რომლებზეც მსჯელობა, შენიშვნა ან დასკვნა არ ყოფილა პლენარულ სხდომაზე მეორედ მოსმენისას. გახსოვთ ან გსმენიათ რომ:მომავალ წელს პრეზიდენტს 6 წლით ავირჩევთო? იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს ორგანული კანონით დაადგენს პარლამენტიო? პრეზიდენტო, პარლამენტარებო, ჟურნალისტებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებო მოითხოვეთ გამოძიება, გამოითხოვეთ 23 ივნისის პლენარული სხდომის ოქმი, გამოითხოვეთ ამ სხდომის სრული და უწყვეტი ვიდეოჩანაწერი. ეს სახიფათო თამაშია კონსტიტუციის, პარლამენტის, დემოკრატიის და თითოეული პარლამენტარის უპატივცემულობითა და ფეხქვეშ გათელვით“.

სოციალურ ქსელში ეხმაურება ამავე საკითხს რომან გოცირიძე: „ქართული ლიტერატურა კარგად იცნობს პატარძლის შეცვლის(ჩანაცვლების) ისტორიებს. ერთს რომ გაჩვენებენ და მეორეს შემოგასაღებენ. ახლა მსგავს უნიკალურ ქართულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: წუხელ კონსტიტუცია შეგვიცვალეს! ისედაც ძალადობრივად მიღებული კონსტიტუცია უკვე კრიმინალურიც გახდა. პარლამენტის საიტზე კონსტიტუციის პროექტს ჩუმად ჩაემატა რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც პარლამენტს არ მიუღია ორი მოსმენით. აქედან ერთი პრინციპული მნიშვნელობისაა: მომავალ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს ვირჩევთ არა 5 წლით, რომელიც იყო პირვანდელ ვერსიაში, არამედ 6 წლით, რომელიც გაჩნდა ჩასწორების შემდეგ. ამ მანიპულაციით საბოლოოდ დაკარგა კონსტიტუციამ ლეგიტიმურობა. კონსტიტუციას აყალბებენ და არჩევნებს არ გაგვიყალბებენ?“

Comments
Loading...