- Advertisement -

კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში არ გაიმართება

506

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება აღარ გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება დღეს პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება.

"მინდა დღევანდელი დღე – კონსტიტუციის დღე მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ დემოკრატიული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ ამ სახელმწიფოს.

კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად იქცა უკვე სამი წელია სხვადასხვა ფორმით აღინიშნება იგი.
მათ შორის დღეს გვინდოდა, რომ ეს აღნიშვნა ყოფილიყო უფრო მასშტაბური, მაგრამ ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, მხოლოდ მინიმალური ღონისძიებებით შემოვიფარგლოთ.

დღეს, თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე ახალგაზრდების ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება ძალაში რჩება, საღამოს 18:00 საათიდან ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით, იქნება გამოფენა და წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ერთდგვარი ისტორიული კონტექსტი. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია", – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში: საფეხბურთო ტურნირი შიდა ქართლში, ძიუდოს ტურნირი პანკისის ხეობაში და ჭადრაკის ტურნირი თელავში.

"გვინდოდა კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ძალიან ფართოდ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ძალიან სერიოზული კორექტირება",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა

Comments
Loading...