- Advertisement -

კოჟორიძე: “რუსთავი 2” სტრასბურგში მოიგებს თუ წააგებს, სახელმწიფო ორივე შემთხვევაში წააგებს

594

 

„არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას. ანუ შეჩერდება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მაღალი ალბათობით რ2 არსებითი განხილვის ეტაპზეც მოიგებს საქმეს. ეს ჩემი, როგორც იურისტის, ვარაუდია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე წერს.

მისი თქმით, სახელმწიფო ორივე შემთხვევაში წააგებს – მოიგებს სასამართლო პროცესს „რუსთავი 2“ თუ წააგებს, რადგან ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს იმიჯი დაზარალდება, ხოლო მეორე შემთხვევაში მედიაგარემო დაზარალდება.

„რ2-ის საქმეზე:

1. რა მოხდება სტრასბურგში?

არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას. ანუ შეჩერდება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მაღალი ალბათობით რ2 არსებითი განხილვის ეტაპზეც მოიგებს საქმეს. ეს ჩემი, როგორც იურისტის, ვარაუდია.

2. როგორ უნდა იმოქმედონ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებმა?

პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ არგუმენტი – „რ2-ის საქმე კერძო დავაა და მე რა შუაში ვარ“ აწი აღარც ფორმალურად გამოდგება. სტრასბურგში შუაშიც და თავშიც არის სახელმწიფო.

3. ამ დავის რა შედეგით დასრულება აწყობს ჩვენს სახლემწიფო ინტერესებს?

ეს არის მთავარი კითხვა. არ შეიძლება იყოს 2 აზრი იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ამ საქმის წაგება ძალიან მძიმე იქნება მრავალი თვალსაზრისით.

მეტიც, თუ სწორად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ რ2 წააგებს თუ მოიგებს, სახელმწიფო ინტერესები აუციელბლად წააგებს ორივე შემთხვევაში, რადგან: ა) რ2-ს გამარჯვების შემთხვევაში ზარალდება ჩვენი იმიჯი, სართაშორისო ავტორიტეტი, სასამართლო (თან დიდი პალატაა), სიმშვიდე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ბ) რ2 თუ საქმეს წააგებს, იზღუდება მედია პლურალიზმი, ხელისუფლების კრიტიკა-კონტროლის შესაძლებლობა, თავიდან ვერ ვირიდებთ დაძაბულ ფონს და ა.შ.

4. რა არის გამოსავალი?

მორიგება! სახელმწიფომ როგორმე უნდა აირიდოს თავიდან არსებითი განხილვა და ხელი შეუწყოს მორიგებას. ნურავინ იტყვის რომ ამის გაკეთება შეუძლებელია (ვვარაუდობ რა არგუმენტებიც შეიძლება ითქვას, მარა ცხადია ეს არ იქნება დამაჯერებელი). რ2-მა გააკეთა გარკვეული შეთავაზება. არ შევალ ამის დეტალებში, მარა ფაქტია, რომ მორიგება სახელმწოფოს ძალიან უნდა აწყობდეს, უფრო მეტად ვიდრე რ2-ს.

თუ სახელმწიფო სტრასბურგში საქმეს წააგებს, ყველა „სიკეთესთან ერთად“ იმ შედეგსაც მივიღებთ, რომ ქართულ სასამართლოებში ახლიდან დაიწყება ამ საქმის განხილვა და თანმდევი ორომტრიალი (სტრასბურგი ვერ გააუქმებს და შეცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა შეიქმნება საქმის გადასინჯვის და ახალი შედეგის დადგომის საფუძველი, რასაც ახალი პროცესები დასჭირდება).

პ.ს. არ ვიცი ვინ აუნაზღაურებს ჩვენს საზოგადოებას იმ დროს, ენერგიასა და სხვა რესურსს, რაც ამ საქმის გამო დაიხარჯა, დააკლდა ჩვენს მოქალაქეებს და მათ მწვავე პრობლემებს… დრო და ენერგია ჯერ კიდევ ბევრი დაიხარჯება თუ სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა დოულად მიღებული!!!“ – წერს კახა კოჟორიძე Facebok-ში.

Comments
Loading...