- Advertisement -

კორძაია “მოსმენების” კანონზე:გამოსავალია,რომ საკონსტიტუციოს სარჩელით მოქალაქეებმა მიმართონ

605

 

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, მაშინ რამდენიმე გამოსავალი მაინც რჩება.

როგორც კორძაიამ „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა მიმართონ. მისი შეფასებით, თუ მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება პოტენციურად ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას, მაშინ უნდა იაქტიურონ.

„პრეზიდენტი, როგორც ხალხის მიერ არჩეული პირი ხედავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ კანონის მიმართ და ასრულებს საკუთარ ვალდებულებას. ცდილობს ხელისუფლებას დაანახოს, რომ ეს კანონი არავის არ მოსწონს, გარდა მმართველი პოლიტიკური გუნდისა. ყველა პოლიტიკური პარტია ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას, ყველა პარტია აცხადებდა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი კანონი, პირადი ცხოვრების ხელყოფის თვალსაზრისით. ყველა პარტია და არასამთავრობო სექტორი ვამბობდით, რომ ეს იქნება კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა. ამ ვითარებაში პრეზიდენტი ვალდებულია, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედოს და კიდევ ერთხელ აჩვენოს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ცდება. უმრავლესობა რამდენად განწყობილია, რომ საკუთარი შეცდომები დაინახოს, ეს სხვა საკითხია. ვხედავთ, რომ ის ამისთვის განწყობილი არ არის.

გამოსავალი აქ არის ის, რომ ხელისუფლება ნეგატიურ მუხტს დააგროვებს და არჩევნებზე მიიღებს შესაბამის შედეგს. მაგრამ გამოსავალი აქვე არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ მიიღებენ, ხელისუფლების ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს კორძაია.

კითხვაზე, მოქალაქეებმა როგორ უნდა აჩვენონ ხელისუფლებას, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ? – კორძაია ამის ერთ-ერთ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საქართველოს მოქალაქეების სარჩელს ასახელებს.

„მაგალითად, ერთმა რიგითმა მოქალაქემ შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც მეტი იზამს ამას მით მეტი იქნება წინააღმდეგობა, ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. თუ მოქალაქე გრძნობს, რომ ხელისუფლება პოტენციურად ხელყოფს მის პირად ცხოვრებას, მან უნდა გამოიჩინოს აქტიურობა. პოლიტიკური და არასამთავრობო სპექტრი ლაპარაკობს ამაზე. ახლა სიტყვა უნდა თქვას ამომრჩეველმაც, რომელმაც მისცა მას მანდატი, უნდა გააგებინოს რომ არ მოსწონს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება.

არის სხვა საშუალებებიც. სტრასბურგის სასამართლოც მათ შორის. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა უიმედო მდგომარეობაშია, იმის მიუხედავად, რომ ცუდი ხელისუფლება ჰყავს. ამ ქვეყანას სულ ცუდი ხელისუფლება ჰყავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორ გადაწყვეტილებას ჩვენი მოსახლეობა იღებდა. ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ და ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ეს ჩვენი მოსახლეობის დამსახურებაა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნა უკვე გადაუგზავნა. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კი პრეზიდენტის ვეტო უკვე დაძლია. ახლა მასპლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...