- Advertisement -

კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილეს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

319

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე ნ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.მ.-მ, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბრიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დაინტერესებულ პირს დაპირდა მისთვის ხელსაყრელი პირობებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და შეძენის შემდგომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებას, სანაცვლოდ კი 50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2015 წლის 16 დეკემბერს, მოთხოვნილი 50 000 დოლარის მიღებისთანავე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.მ-სთვის წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა, იგი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს

 

Comments
Loading...