- Advertisement -

ლარა თორტონი: ხელისუფლებისადმი ნეგატიური შეფასებები ჭარბობს თბილისში

479

მოსახლეობის ნახევარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ცენტრალური მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 10 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას – 16 პროცენტი,-ამის შესახებ NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების ანგარიშშია აღნიშნული. 

უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემები აქვს. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში.

მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ შეხება ჰქონია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, თუმცა მათგან, ვისაც კომუნიკაცია ჰქონია, უმრავლესობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი იყო კომპეტენტური და პატივისცემით მოექცნენ.

მოქალაქეებმა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელეს სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა/ინფლაცია და ჯანდაცვა; ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად დასახელდა გზები, გარემოს დაბინძურება, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და საგზაო მოძრაობა. თბილისში გარემოს დაბინძურება ადგილობრივი მნიშვნელობის ყველაზე დიდი პრობლემაა",-აღნიშნულია ანგარიშში. 

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლარა თორტონის განცხადებით ნეგატიური დამოკიდებულება განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნეოდა. 

„მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ნეგატიური შეფასებები ჭარბობს თბილისში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებობს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემები, ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. კანდიდატებმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები უნდა შესთავაზონ, პარტიებმა კი თავიანთი კანდიდატები დიდი დაკვირვებით შეარჩიონ",-განაცხადა ლარა თორტონმა. 

Comments
Loading...