ლატვიის პრეზიდენტი, რაიმონდ ვეიონისი დარწმუნებულია, რომ საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა უჭირს მიზეზებზე ლაპარაკი, რომელთა გამოც ქვეყანა ჯერჯერობით ორგანიზაციების გარეთაა დარჩენილი.
როგორც ლატვიის პრეზიდენტმა საზოგადოებრვი მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა, რომ გააგრძელოს დაწყებული რეფორმები.
"რთულია იმაზე საუბარი, თუ რატომ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და რატომ არ არის საქართველო უკვე NATO-ს წევრი. მინდა დაგარწუნოთ, რომ NATO მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის მომავალ წევრობას და ქართველი ხალხის მისწრაფებას. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაასრულოს იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც ინტეგრაციისთვისაა საჭირო. მე მჯერა და ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ხომ არ ეშინით ალიანსის წევრებს ამ გადაწყვეტილების მიღების რუსეთის ფაქტორის გამო, ვეიონისმა განმარტა, რომ შესაძლოა ასეც იყოს. მან აქვე დასძინა, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ შიშს არ იზიარებენ და მზად არიან კავშირში ახალი წევრების მისაღებად.
"შესაძლოა, ასეც იყოს. მოლაპარაკებებისა და მსჯელობის დროს წამოიჭრება საკითხები, მაგალითად, NATO-ს გადაწყვეტილებები ხომ არ შეუშლის ხელს, ან დაარღვევს იმ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რაც NATO-სა და რუსეთს შორის არსებობს. NATO-ს წევრების ნაწილი შეშფოთებულია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, NATO-ს სხვა ბევრი სახელმწიფო მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ახალი წევრების მიღებას ორგანიზაციაში. არ ვიზიარებთ გამოთქმულ შიშსა და შეშფოთებას, რაც შესაძლოა რუსეთს უკავშირდებოდეს. აღვიქვამთ, როგორც შესაძლებლობას რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად",- განაცხადა ვეიონისმა.