- Advertisement -

ლევან ბერძენიშვილი: სწორი გამოძიების შემთხვევაში ხელისუფლება ანგარიშს 2:1-მდე შეამცირებს!

707

 

ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესს“ ბათუმის მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როოგორც ბერძენიშვილმა "აიპრესს" განუცხადა, ახლა ხელისუფლება 2:0-ს აგებს. პირველი გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც პრევენცია ვერ მოახდინა, მეორე როდესაც დააგვიანა რეაგირება. მისი თქმით, ახლა აქვს შანსი 1 გოლი გაიტანოს და ანგარიში მინიმუმამდე შეამციროს, ეს კი მაშინ მოხდება თუ საქმეს სწორად გამოიძიებს.

„იმას ნამდვილად არ ვიტყვი, რატომ არ დაარბიეს და სისხლი რატომ არ დაღვარეს. ოპერაცია ნორმალურად ჩატარდა, მაგრამ ის უნდა ჩატარებულიყო გაცილებით ადრე. საერთოდ ასეთ დროს უნდა ხდებოდეს პრევენცია და ეს უნდა ხდებოდეს სწრაფად. მესამე, საქმე გამოუძიებელია და კალაძე გველაპარაკება, რომ უკვე იცის ვინ გააკეთა ეს. თუ „ნაცმოძრაობა“ რევოლუციას ამზადებდა ბათუმში, ესენი რას უყურებდნენ? ამ დროს სუს-ს რატომ სძინავს? მაინცდამაინც ჩემს საძინებელში შემოსვლა ეხერეხება? მე არ მჯერა რევოლუციური სცენარის. როგორც „ნაცმოძრაობა“ ცრუობს, რომ სოლიდარობას არ ვუცხადებდით აქციებსო, ასევე ცრუობს ხელისუფლებაც, როდესაც ამბობს, რომ წინასწარ იცოდნენ რაც მოხდებოდა“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია გამოძიების პროცესში პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური განცხადების გაკეთება ვერსიებზე? – ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ეს არც ლოგიკურია და უსამართლოცაა.

„მე მგონი ეს არ არის ლოგიკური და უსამართლოა უბრალოდ. ჯერ ვინ რა იცის? „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ უშიშროებამ გააკეთა. ვიღაცა რუსეთს აბრალებს. ვინც უნდა იყოს გამკეთებელი ჯერ უნდა გამოიძიონ. ჯერ უნდა დაადგინონ და მერე ილაპარაკონ.

ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც დააგვიანა რეაგირება. ოროსანმა ხელისუფლებამ ვის უნდა დაადოს თითი თავის თავის გარდა? ჯერ გაარკვიონ, რატომ დააგვიანეს ამ აქციის აღკვეთა. მერე გაარკვიონ რატომ ვერ მოხდა პრევენცია. ამის მერე ეძებონ დამნაშავეები, გინდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და გინდა სადმე სხვაგან. „რუსთავი 2“-საც დააბრალებენ ახლა.

სალომე ზურაბიშვილის პოსტი ვნახე სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, რომ არ ეკადრებოდა მას ასეთი პოსტის დაწერა. ბოლოს და ბოლოს ნორმალურ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილია და ცოტა მეტი უნდა ესმოდეს. გამოიძიოს ხელისუფლებამ საქმე და დადოს შედეგი. ახლა ხელისუფლება 2:0-ს აგებს. პირველი გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც პრევენცია ვერ მოახდინა, მეორე როდესაც დააგვიანა რეაგირება. ახლა აქვს შანსი 1 გოლი გაიტანოს და ანგარიში მინიმუმამდე შეამციროს. ეს მაშინ მოხდება თუ სწორად გამოიძიებს საქმეს“, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესს“. 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...