- Advertisement -

ლევან გოგიჩაიშვილი ელექტროსისტემაში “გამქრალი” 21 მილიონი ლარის საკითხის შესწავლას მოითხოვს

7

​აღნიშნული საკითხი ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა და მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან აუდიტის ინფორმაციის მიხედვით საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარის გაქრობას.
“ეს არის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2014-2017 წლების, რომელიც არის უმძიმესი დასკვნა. მე- 5 გვერდზე წერია, რომ მენეჯმენტმა ისე დახარჯა 21 მილიონი ლარი, რომელთან დაკავშირებით შეუსაბამობა არის როგორც კანონთან, ასევე ზოგადად, ხარჯვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს არის პირდაპირი წესით ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ფულის მიტაცება. მინდა დავაყენო საკითხი, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და მინიმუმ, დარგობრივი ეკონომიკის გაერთიანებული სხდომა იქნას მოწვეული. მოკვლევის ჯგუფი იქნება თუ სხვა ფორმით შევისწავლით საკითხს. 2014-2017 წლამდე 21 მილიონი ლარია შეჭმული და ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. ელექტროსისტემა ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, მაგრამ სისტემაზე ზედამხედველობას პოლიტიკური თვალსაზრისით ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო. დაწყებული პრემიებით, დამთავრებული კომპანიებთან გაფორმებული და განხორციელებული ხელშეკრულებებით, ყველა მიმართულებით არის კანონდარღვევა”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, 2014 წლის აგვისტოში, 5 დღის განმავლობაში რეაბილიტაციის მმართველს როუმინგის მომსახურების გადახდამ შეადგინა 29 ათასი ლარი და რომ კითხეს, რატომ დახარჯეო, შემთხვევით ჩართული დამრჩაო.
“არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ ვინც ბიუჯეტის ფულს აორთქლებს ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. თუ აუდიტის სამსახური ცდება, გავაკრიტიკოთ, თუ ეს სიმართლეა, მაშინ პასუხისმგებლობა დადგეს ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც გადასახადის გადამხდელის მინიმუმ 21 მილიონი ლარი შეჭამა. კვლევის პროცესში რა გამოჩნდება, არ ვიცით”-თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და განმარტა, რომ ელექტროსისტემასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ანგარიში პარლამენტში შემოსული ჯერ არ არის.
“ცოტა მოუმზადებელი ჩანხართ, მაგრამ თემა მნიშვნელოვანია, ელექტროსისტემასთან დაკავშირებით ანგარიში პარლამენტში შემოსული ჯერ არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს კომუნიკაცია აუდიტის სამსახურსა და ელექტროსისტემას შორის. როცა ეს ანგარიში შემოვა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი არ უნდა აიღოს პირადად პასუხისმგებლობა, არამედ არსებობს აუდიტის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად განიხილავს ანგარიშებს და ამ ანგარიშსაც სწორედ ეს ჯგუფი განიხილავს. დაველოდოთ ამ პროცედურებს და შემდეგ ვნახოთ, რეალურად რა პრობლემებია ასახული ამ ანგარიშში. მეც დიდი ინტერესით ველოდები”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
The post ლევან გოგიჩაიშვილი ელექტროსისტემაში “გამქრალი” 21 მილიონი ლარის საკითხის შესწავლას მოითხოვს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...