- Advertisement -

ლევან იზორია: თავდაცვის უწყებაში არსებობდა მახინჯი სისტემა, ე.წ ვარსკვლავიანი თანამდებობა

586

„წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა მახინჯი სისტემა, ე.წ ვარსკვლავიანი თანამდებობების“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა ითხოვს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც ასეთ თანამდებობებზე გათვალისწინებული არ იყო. მინისტრს, თვითნებურად, ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე შეეძლო დაენიშნა პიროვნება, როგორც სამხედო, ისე სამოქალაქო. ასეთი ადამიანების რაოდენობამ თავდაცვის უწყებაში მიაღწია 3200 -ს, რაც მინისტრის შეფასებით, უპრეცედენტოა.

„ეს სისტემა არის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელი.

დღეს არც ერთი ვარსკვლავიანი თანამდებობა არ არსებობს. ჩვენ ამ კატეგორიაზე მოვახდინეთ ფოკუსირება, გადავწყვიტეთ 2016 წლის ბოლოს შეგვექმნა კომისია, დაახლოებით 26 ქვეკომისია, სპეციალისტების მოწვევით, რათა დაგვედგინა მათი კვალიფიკაცია, რამდენად არიან საჭიროები იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც გვჭირდება. ბევრი ადამიანი გვჭირდება და დავტოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა დაახლოებით 1350 ადამიანი, რომელიც გადავიყვანეთ კადრების განკარგულებაში, რაც არ ნიშნავს აბსოლუტურად მათ გათავისუფლებას. გვაქვს პრეცედენტები, როდესაც კადრების განკარგულებაში გადაყვანილ პერსონალს ჩვენი ფუნქციური დატვირთვიდან და შტატების შესაძლებლობიდან გამომდინარე ვაბრუნებთ. რამდენიმე ასეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მან აქვე განმარტა, რომ ოპტიმიზაცია შეეხო იმ პირებს, რომლებიც სამხედრო საქმიანობას არ ეწეოდნენ და ე.წ. ვარსკვლავიან თანამდებობაზე იყვნენ დანიშნულები.

„ყველა ეს ნაბიჯ გადავდგით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული, გვქონდეს ამბიცია არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვიყოთ ძლიერები, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც გვქონდეს სამხედრო მზადყოფნის ისეთი მაღალი დონე, რომ პოტენციური აგრესიის შემთხვევაში გავცეთ ადეკვატური პასუხი“, განაცხადა ლევან იზორიამ.

Comments
Loading...