- Advertisement -

ლევან იზორია: ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად საქართველოში NATO-ს წვრთნებზეა დამოკიდებული

643

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ მეტი NATO-ს წვრთნები იყოს საქართველოში, ანუ NATO იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში. შესაბამისი განცხადება მან NATO-საქართველოს სამხედრო კომიტეტის ერთობლივი პლენარული სესიის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„იანვრის თვეში ჩვენ ერთობლივად მთავრობის კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ წინადადებები, რომლებიც წარვადგინეთ ბრიუსელში, თუ როგორი კონტრიბუცია შეუძლია საქართველოს, როგორც NATO-ს ყველაზე სანდო პარტნიორს რეგიონში, ასპირანტ ქვეყანას, შეასრულოს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. კერძოდ, აქ საუბარია სამივე კომპონენტზე, როგორც საზღვაო, ისე საჰაერი და სახმელეთო კომპონენტზე. თითოეული მიმართულება გამოიყურება შემდეგი სახით: ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც რუმინეთში ჩამოყალიბდება მრავალეროვნული სახმელეთო ბრიგადა, მივავლინოთ ორი ოფიცერი იმისათვის, რომ გვქონდეს კოორდინაცია ამ ბრიგადის ფარგლებში NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად.

ჩვენ ასევე მზად ვართ ჩვენი საწვრთნელი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ მეტი ინტენსივობით NATO-ს წევრ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ მეტი NATO-ს წვრთნები იყოს საქართველოში, ანუ NATO იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში, ეს უკგავშირდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს, ეს უკავშირდება პირველ რიგში იმ უსაფრთხოების განმტკიცებას, რომელიც რეგიონში უნდა იქნეს უზრუველყოფილი“, – აცხადებს ლევან იზორია.

შეგახსენებთ, რომ 2-3 მარტს საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი სტუმრობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს. სამხედრო კომიტეტი NATO-ს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს – ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

Comments
Loading...