- Advertisement -

“ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”- 26 მაისს სახეშეცვლილი ქორწინების მოწმობა გაიცემა

1,011

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქორწინების მოწმობა შეცვლილი ვიზუალური მონაცემებით გაიცემა, რომელზე იქნება წარწერა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია" მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!".

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანების 34 პუნქტის პირველი-მე-3 და მე-5 აბზაცების შესაბამისად შესრულებული ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის ფოლგირებული წარწერა:

„ქორწინების მოწმობა”, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია.

ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge (დანართი).“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე",, ბრძანებას ხელს აწერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე.

Comments
Loading...