ვილნიუსში აქცია „ლიტვის და საქართველოს დროშები თავისუფლების გზაზე“ ფარგლებში ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის ფასადზე გსაქართველოს და ლიტვის დროშები გამოფინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ვილნიუსში საქართველოს საელჩომ კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.
მიწვეული სტუმრების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი "მთიები" და ლიტვაში ქართული სათვისტომოს ანსაბლი „კახეთი“. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის გამართული ფოტოგამოფენები "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“ და „50 ქალი საქართველოდან“. ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერების ია ხიზანიშვილის და სოფი ეცადაშვილის მიერ საქართველოს თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
მიღებაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი, ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის და პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიებაზე საელჩო სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.