- Advertisement -

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და აშშ-ს შორის

551

 

ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, SSA Marine უმსხვილესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს. 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან კნტრაქტს მოვაწერეთ ხელი SSA Marine-თან, რომელიც მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს, ეს არის ძალიან მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც გახდა ჩვენი პარტნიორი და რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ ანაკლიის პორტის ოპერირებას. 

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია "ანაკლიის განვითარების კორპორაცია" მიყვება ზუსტად იმ გრაფიკს, რომელიც შეთანხმდა სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, მიდის წინა კვლევითი სამუშაოები, რომლის ძირითადი ნაწილი, 80% დასრულების ფაზაშია.

პროექტის ფინანსური დახურვა მოხდება შემოდგომაზე და სწორედ წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის, ამ გრანდიოზული ე.წ. საუკუნის პროექტად წოდებულის, მშენებლობა.  

მე ვფიქრობ, მთავრობასთან, კერძო ინვესტორებთან ერთად ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ დიდ გარღვევას და საქართველოს, კონკრეტულად ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და აშშ-ს შორის. ამერიკული ოპერატორის მონაწილეობა ამ პროექტში სწორედ ამაზე მეტყველებს. 

მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს, საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. წინ უფრო მეტი გასაკეთებელი რა თქმა უნდა გველოდება, თუმცა, მინდა ყველა დავარწმუნო, პროექტი სრული სვლით მიდის და ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით მომსწრეები იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება", – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

აქვე, მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად იწყება ე.წ. ანაკლიის ქალაქის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან.

"ე.წ. ანაკლიის ქალაქი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სწორედ ახლა ვართ ჩვენ იმ პროცესში, სადაც ამ თავისუფალი ინდუსტრიის ზონისთვის შემოვიყვანთ ასევე ძალიან მსხვილ ოპერატორს. მიდის მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი კონკრეტული შედეგები გბექნება. 

ჩვენ სწორედ ვასრულებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ერგო საქართველოს, ეს არის გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, და სწორედ ამ ინფრასტრუქტურის, ამ უზარმაზარი კარიბჭის მშენებლობის მომსწრეები ვართ ყველა ერთად", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Comments
Loading...